შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) წარმომადგენელთან ქემლინ ფერლისთან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზე, რომლის უმთავრესი ამოცანაც არის ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა. ამ კუთხით, მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა ჰუმანიტარული გზები და UNHCR-ის მიერ ამ დრომდე განხორციელებული, ასევე დაგეგმილი საქმიანობა.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა პანდემიის პერიოდში. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა ამ რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რეგულარულად დარღვევაზე, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესზე, რაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ პანდემიის პერიოდშიც აქტიურად გაგრძელდა, თავისუფალ გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებასა და უკანონო დაკავებების პრაქტიკაზე. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული სამი მოქალაქის და ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონში შექმნილი ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო, რასაც უკვე 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
UNHCR-ის წარმომადგენელს სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაწეული ძალისხმევისა და ჩართულობისთვის, განსაკურებით პანდემიის პერიოდში, ასევე წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებული ჰუმანიტარული პროექტებისთვის. ხაზი გაესვა ამ კუთხით UNHCR-ის საქმიანობის განსაკუთრებულ როლს და მნიშვნელობას.
მხარეები სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის კონკრეტულ გზებზე შეთანხმდნენ.