შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორთან პიტერ ვიბლერთან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მისიის დირექტორს USAID-ის მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გამოყოფილი დახმარებისთვის და საქართველოს როგორც სამშვიდობო, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა განიხილეს აფხაზეთის რეგიონში, ასევე გამყოფი ხაზების გასწვრივ USAID-ის მიერ დაფინანსებული და სამომავლოდ დაგეგმილი საქმიანობა, კერძოდ ჰუმანიტარული ხასიათის პროექტები, ნდობის აღდგენის და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ინიციატივები. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზე, რომლის უმთავრესი ამოცანაც არის ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა.
საუბარი ასევე შეეხო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკას, მის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებულ საქმიანობას და ამ პროცესში USAID-ის განსაკუთრებულ როლს და წლების განმავლობაში გაწეულ დახმარებას.
პიტერ ვიბლერმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს მიერ განხორციელებული პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერა. მხარეები სტრატეგიულ თანამშრომლობასა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.