გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, უპრეცედენტო მხარდაჭერით მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობამ აქამდე უპრეცედენტო ნიშნულს - 84 სახელმწიფოს, ხოლო საქართველოსთან ერთად რეზოლუციის თანაავტორი გაერო-ს წევრი ქვეყნების რაოდენობამ კი 54 ქვეყანას მიაღწია. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება საერთაშორისო საზოგადოების ურყევი მხარდაჭერა და ერთიანობა საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანესი გამოწვევის გადაჭრის პროცესში.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და ამ ჰუმანიტარული საკითხის მიმართ მტკიცე თანადგომა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ასევე, გვინდა ხაზი გავუსვათ ქართული დიპლომატიის გამორჩეულ ძალისხმევას, რამაც გლობალური პანდემიის პერიოდშიც კი შესაძლებელი გახადა საერთაშორისო პარტნიორების მობილიზება და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის აქტუალობის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნება.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილთა მხარდამჭერი რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების განუყოფელ უფლებას, გმობს აღნიშნულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ავალებს გაერო-ს გენერალურ მდივანს ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე.
ამასთან, რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მოლაპარაკებების ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების საკითხი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი წმინდა ჰუმანიტარული ხასიათის საკითხია, რომელსაც მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარე განუხრელად აყენებს.