შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან, ლუიზა ვინტონთან, შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა გაეროს სააგენტოების, მათ შორის UNDP - ის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით და ლუიზა ვინტონს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გაწეული ძალისხმევისთვის.
თეა ახვლედიანმა დეტალურად ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკაზე, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მნიშვნელობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის ბიზნეს პროექტების მხარდაჭერის და გამყოფი ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ვაჭრობის წახალისების გზით, განათლების შესაძლებლობების განვითარებასა და სხვადასხვა მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, ასევე UNDP-ის მიერ აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული საქმიანობა.
სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გალისა და ახალგორის რაიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, მათ შორის გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად და ადამიანების ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად.
შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდა მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მხარებმა სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს და შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.