შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა გერმანელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე პოზიციის, ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა ვრცლად განიხილეს საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, ისევე როგორც თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებით შექმნილი გამოწვევები, რაც პანდემიის დროს კიდევ უფრო დამძიმდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონში გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისზე. სახელმწიფო მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის მიმდინარე უკანონო პროცესის გამო, მათ შორის დიდ ხურვალეთში, ატოცსა და ზემო ნიქოზში, რაც სავალალოდ აისახება ადგილობრივი მცხოვრებლების უსაფრთოხებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა ელჩის ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, ამჟამად უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
თეა ახვლედიანმა, ასევე, ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მნიშვნელობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის ბიზნეს პროექტების მხარდაჭერის და გამყოფი ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ვაჭრობის წახალისების გზით, განათლების შესაძლებლობების განვითარებასა და სხვადასხვა მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას. თავის მხრივ, გერმანიის ელჩმა დადებითად შეაფასა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული საქართველოს ძალისხმევა და ამ პროცესში ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
კიდევ ერთხელ დადასტურდა გერმანიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს და შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.