სახელმწიფო მინისტრმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, მარკ კლეიტონთან შეხვედრა გამართა

16 სექტემბერი 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, მარკ კლეიტონთან შეხვედრა გამართა.
 
სახელმწიფო მინისტრმა ბრიტანელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
 
მხარეებმა ვრცლად განიხილეს საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, ისევე როგორც თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებით შექმნილი გამოწვევები, რაც პანდემიის დროს კიდევ უფრო დამძიმდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონში გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისზე. სახელმწიფო მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის მიმდინარე უკანონო პროცესის გამო, მათ შორის დიდ ხურვალეთში, ატოცსა და ზემო ნიქოზში, რაც სავალალოდ აისახება ადგილობრივი მცხოვრებლების უსაფრთოხებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა ელჩის ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, ამჟამად უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
 
თეა ახვლედიანმა, ასევე, ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მნიშვნელობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის ბიზნეს პროექტების მხარდაჭერის და გამყოფი ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ვაჭრობის წახალისების გზით, განათლების შესაძლებლობების განვითარებასა და სხვადასხვა მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას. თავის მხრივ, ბრიტანეთის ელჩმა დადებითად შეაფასა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული საქართველოს ძალისხმევა და ამ პროცესში ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
 
მხარეებმა ასევე დეტალურად მიმოიხილეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის კუთხით, მათ შორის ახალი 5 წლიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების პროცესი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობით მიმდინარეობს.
 
კიდევ ერთხელ დადასტურდა გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
 
შეხვედრის ბოლოს მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.