თეა ახვლედიანმა საქართველოს სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

18 სექტემბერი 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
 
მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს როგორც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ისე სამოქალაქო ინტეგრაციის აქტუალური საკითხები.
 
საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. აღინიშნა, რომ გრძელდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევები, სიცოცხლის ხელყოფის ჩათვლით; ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა; გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნული ბარიერების აღმართვა; თავისუფალ გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესება; უკანონო დაკავებების პრაქტიკა; განსაკუთრებით ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელის ერთ წელზე მეტი ვადით დაკეტვით გამოწვეული პრობლემები, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე წვდომის შეზღუდვა. თეა ახვლედიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა სამშვიდობო ინიციატივების ეფექტიანი განხორციელებით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ხელი შეეწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას და მათი ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
 
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიზნები, სტრატეგიული ამოცანები და მათი განხორციელების მიზნით მიმდინარე პროცესი. თეა ახვლედიანმა ისაუბრა სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობების ხარისხიანი განათლებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება, ახალგაზრდებისა და ქალების მხარდაჭერა, კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაცია და კულტურათაშორისი დიალოგის გააქტიურება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ მექანიზმების ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობის გაზრდას სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალი სტრატეგიის შემუშავების ღია და ფართო ჩართულობით მიმდინარე პროცესს. თეა ახვლედიანმა სახალხო დამცველის აპარატს და მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ამ პროცესში აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
 
სახელმწიფო მინისტრმა და სახალხო დამცველმა იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო გზებზე და გამოხატეს მზაობა აღნიშნული მიმართულებებით გააგრძელონ კონსულტაციები.