თეა ახვლედიანმა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისი ოფისის ხელმძღვანელთან, შტეფან მაისტერთან შეხვედრა გამართა

22 სექტემბერი 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისი ოფისის ხელმძღვანელთან, შტეფან მაისტერთან შეხვედრა გამართა.
 
სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, მათ შორის თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებით შექმნილი გამოწვევები, რაც პანდემიის დროს კიდევ უფრო დამძიმდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის მიმდინარე უკანონო პროცესზე და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე.
 
თეა ახვლედიანმა ასევე დეტალურად ისაუბრა საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზე, კერძოდ, ჯანდაცვის, განათლების და სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე ნდობის აღდგენის მიმართულებებზე. ხაზი გაესვა, რომ გრძელდება სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სავაჭრო და საგანმანათლებლო კომპონენტების ეფექტიანი განხორციელება.
 
ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა სახელმწიფო მინისტრს გააცნო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით ფონდის მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა, რისთვისაც სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოხატა.
 
შეხვედრის დასასრულს საუბარი ასევე შეეხო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტებს, მათ შორის ახალი ხუთწლიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების პროცესს, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობით მიმდინარეობს.
 
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობასა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.