შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ესტონეთის ელჩთან რინა კალიურანდთან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა ელჩს დეტალურად გააცნო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის მთავარი მიმართულებები, გაწეული ძალისხმევა და არსებული გამოწვევები.
კერძოდ, ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარებაზე, მათ შორის თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებით შექმნილ პრობლემებზე, რამაც 14 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის მიმდინარე უკანონო პროცესზე და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე.
თეა ახვლედიანმა მიმოიხილა საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები, კერძოდ, ჯანდაცვის, განათლების და სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე ნდობის აღდგენის მიმართულებები, მათ შორის გლობალური პანდემიის პერიოდში მოსახლეობის დასახმარებლად გაწეული ძალისხმევა.
სახელმწიფო მინისტრმა აგრეთვე, ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მნიშვნელობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის ბიზნეს პროექტების მხარდაჭერის და გამყოფი ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ვაჭრობის წახალისების გზით, განათლების შესაძლებლობების განვითარებასა და სხვადასხვა მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას.
შეხვედრის დასასრულს სახელმწიფო მინისტრმა ესტონეთის ელჩს გააცნო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტები, მათ შორის ახალი ხუთწლიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების პროცესი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობით მიმდინარეობს.
ესტონეთის ელჩმა მაღალი შეფასება მისცა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობას და ხაზი გაუსვა გაწეული ძალისხმევის მნიშვნელობას.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობასა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.