თეა ახვლედიანი დოკუმენტური ფილმის „ცხინვალი 1920“-ის პრემიერას დაესწრო

30 სექტემბერი 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დოკუმენტური ფილმის „ცხინვალი 1920“-ის პრემიერას დაესწრო.
 
ფილმი, რომელზეც ისტორიკოსები და ექსპერტები 2 თვის განმავლობაში მუშაობდნენ, 100 წლის წინ, 1920 წელს ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ეხება.
 
„მივესალმები დოკუმენტური ფილმის „ცხინვალი 1920“-ის შემქმნელების, ამ იდეის ინიციატორების ძალიან მნიშვნელოვან ძალისხმევას, რომლებმაც განახორციელეს დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით, განსაკუთრებით 1917-20 წლების პერიოდში საქართველოში მიმდინარე მოვლენების მრავალმხრივი, ობიექტური და რაც მთავარია ისევ და ისევ ისტორიულ-დოკუმენტურ წყაროებზე წარმოდგენა.
 
ასეთ ინიციატივებს, ასეთ პროექტებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა საქართველოსთვის, განსაკუთრებით დღევანდელ პერიოდში, როდესაც გასულ წელს, რუსეთის პრეზიდენტმა თავისი კომენტარისას სცადა დაემახინჯებინა საქართველოს ისტორია და მან აღნიშნა, რომ მოხდა საქართველოში ოსების გენოციდი. რაც დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ არის სიცრუე. ამას ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ კონტექსტში, რომ 21-ე საუკუნეში მთელი დასავლური სამყარო ებრძვის პროპაგანდას, დეზინფორმაციას, ყალბი ცნობების გავრცელებას, ისტორიის დამახინჯებას. ამ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო უწყებების მცდელობებთან ერთად მნიშვნელოვანია, საზოგადოების აქტიური წარმომადგენლების და ზოგადად საზოგადოების კონსოლიდაცია, იქნებიან ესენი შესაბამისი დარგების ექსპერტები, მედია, თუ სამოქალაქო საზოგადოების ნებისმიერი აქტიური წევრი.
 
კიდევ ერთხელ მივესალმები ამ პროექტს, რომელსაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ძალიან მნიშვნელოვნად აფასებს“-განაცხადა თეა ახვლედიანმა.