თეა ახვლედიანი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

8 ოქტომბერი 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
 
სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე, რომელსაც 60-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები და ადგილზე არსებული ვითარება განიხილეს.
 
„როგორც მოგეხსენებათ ზუსტად 2 თვეა, რაც ვიკავებ სახელმწიფო მინისტრის ამ უაღრესად საპასუხისმგებლო პოსტს. ამ პერიოდის განმავლობაში ორივე მიმართულებით, როგორც შერიგების, ასევე სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებით რიგ აქტუალურ საკითხებზე ძალიან ინტენსიურ მუშაობასთან ერთად, გავმართე მრავალი შეხვედრა, როგორც ადგილობრივ პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებთან, ასევე ვეწვიე გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებს, სადაც ადგილზე გავეცანი საოკუპაციო ხაზზე არსებულ მძიმე ვითარებას.
 
შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთაგანაც მოვისმინე მათი მოსაზრებები, ხედვები და საჭიროებები. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ დღეს ვხვდები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ჩართულობის და შერიგების პოლიტიკის განხორციელების მდგომარეობა, ვიმსჯელეთ მისი შემდგომი რეალიზაციის ეფექტიან გზებზე, ასევე გავცვალეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის თაობაზე და შევჯერდით სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ გზებზე“-განაცხადა თეა ახვლედიანმა.