შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გამწვავებული უსაფრთხოების, ადამიანის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. აღნიშნულ კონტექსტში, მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს წუხილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ოქტომბრის რაუნდის ჩაშლის გამო და ხაზგასმით აღნიშნეს დეკემბერში დაგეგმილი შეხვედრის გამართვის აუცილებლობა.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის განსაკუთრებულ როლს; მან ასევე ყურადღება გაამახვილა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის მნიშვნელობაზე. თეა ახვლედიანმა კიდევ ერთხელ დააყენა საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების, მათ შორის, ირაკლი ბებუას და ზაზა გახელაძის დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი.
სახლემწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ომით გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისკენ. ამ კონტექსტში, მხარეებმა იმსჯელეს სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების მიმდინარეობაზე და ამ კუთხით არსებულ სამომავლო ხედვებზე.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.