შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, პროექტის ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ ფარგლებში ტრენერთა ტრენინგი დაიწყო.
სამი დღის განმავლობაში ახალგაზრდები უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული შესაძლებლობების შესახებ გადამზადდებიან. კურსის გავლის შემდგომ თანატოლგანმანათლებელები შეხვედრებს ჩაატარებენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი) სკოლების ადმინისტრაციებთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და ინფორმაციას მიაწვდიან უმაღლესი და პროფესიული განათლების, სტაჟირების პროგრამის, ევროპაში განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა. შეკრებილებს სიტყვით ასევე მიმართეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia) დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა ადამ შმიდტმა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის თავმჯდომარემ შალვა ტაბატაძემ.
პროექტი 2018 წლიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის (PITA) პროგრამასთან და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრთან (CCIIR) თანამშრომლობით ხორციელდება