თეა ახვლედიანმა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გამართა

22 ოქტომბერი 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან და სამოქალაქო ინტეგრაციის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
 
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ღონისძიების მონაწილეებს გახსნითი სიტყვით მიმართა. მისასალმებელი სიტყვით, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ოფისის „დემოკრატია, ადამიანის უფლებები, მმართველობა“ ხელმძღვანელი ადამ შმიდტი გამოვიდა.
 
სახელმწიფო მინისტრმა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ის მიესალმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის ახალი დოკუმენტის მომზადების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას და ამ თვალსაზრისით, ხაზი გაუსვა ფართო ჩართულობის მნიშვნელობას.
თეა ახვლედიანმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის, წარმოდგენილი წინადადებებისა და რეკომენდაციებისთვის.
 
გაიმართა დისკუსია სამოქალაქო თანასწორობასა და ინტეგრაციასთან, კულტურულ მრავალფეროვნებასა და ტოლერანტული გარემოს შემდგომ განმტკიცებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. აღინიშნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მზაობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგის გაგრძელებისა და რეგულარული თანამშრომლობის თაობაზე.
 
„თანასწორობის და ინტეგრაციის საკითხებზე ორიენტირებული სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და სახალხო დამცველის აპარატთან არსებული საბჭოს წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ საქართველოში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის, ტოლერანტობის, თანასწორობის, ჩვენს ქვეყანაში კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და შემდგომი განვითარების გზებზე, ამ მიმართულებებით შემდგომი მიღწევების და მექანიზმების დახვეწის შესაძლებლობებზე, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ამ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს მუშაობა ახალ სტრატეგიულ დოკუმენტზე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის საკითხებში. ეს პროცესი კი ხასიათდება ძალიან მაღალი დონის ჩართულობით როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტების, თავად ეთნიკური წარმომადგენლების მხრიდან, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით. რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩემს მიერ გამართული შეხვედრებისას გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებითაც ჩვენ უკვე განსაზღვრული გვაქვს ახალი სტრატეგიული მიზნები შემდგომი წლებისთვის, გამოვლენილია ეს მიმართულებები, რომელთა გარშემო დისკუსიასაც სწორედ მიეძღვნა დღევანდელი შეხვედრა,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.