თეა ახვლედიანმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა, პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ მონაწილეებს

23 ოქტომბერი 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა, პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ მონაწილეებს. პროექტის ფარგლებში ტრენერთა ტრენინგის აღნიშნული შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
 
სახელმწიფო მინისტრმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტებზე, მნიშვნელობასა და ამ პროცესში მიღწეულ პროგრესზე, ისევე როგორც უპირატესობებსა და სარგებელზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე.
პროექტის პირველი კომპონენტი მოიცავს ტრენერთა ტრენინგს. ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეები შეხვდებიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და მოწვეულ ექსპერტებს, გაიღრმავებენ ცოდნას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ევროპული ფასეულობების, ქვეყნის სამომავლო პერსპექტივების და მისწრაფებების შესახებ და ამავდროულად, მათ მიეცემათ შესაძლებლობა დახვეწონ კომუნიკაციის უნარ-ჩვევები. პროექტის შემდგომ ეტაპზე ახალგაზრდა თანატოლგანმანათლებლები ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, თემის ლიდერებთან.
 
პროექტის გახსნით ღონისძიებაზე მონაწილეებს მიესალმნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის“ ოფისის დირექტორის მოადგილე ლორა ბერგერი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი.
 
პროექტი წარმოადგენს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ერთობლივ ინიციატივას, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის (PITA) ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.