შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, 27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სოხუმის უნივერსიტეტსა და თსუ-ს ბაზაზე არსებულ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ესტუმრა.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას, რომელსაც რექტორი გიორგი შარვაშიძე მასპინძლობდა, ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, სამეცნიერო, აკადემიური, კულტურისა და ლიტერატურული წრეების წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები.
სახელმწიფო მინისტრმა ღონისძიებაში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აფხაზური ენის დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ აფხაზურ ენას გაფრთხილება და დაცვა სჭირდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსიფიკაციისა და ოკუპაციის პირობებში, ფაქტობრივად, გაქრობა ემუქრება.
სახელმწიფო მინისტრმა, აფხაზური ენის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით, ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების ძალისხმევაზე, ასევე აკადემიური, სამეცნიერო და კულტურის წრეების იმ წარმომადგენლების განსაკუთრებულ ღვაწლს გაუსვა ხაზი, ვინც აფხაზური ენის შესწავლას, სწავლების წახალისებასა და ამ მიმართულებით კვლევით საქმიანობას ეწევიან.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ქართულთან ერთად, აფხაზური სახელმწიფო ენაა და მას საქართველოს კონსტიტუცია იცავს. აფხაზური ენის დაცვა და განვითარება აფხაზური კულტურისა და იდენტობის შენარჩუნების გზაა, რაც კონსტიტუციურ ვალდებულებასთან ერთად, აფხაზურ საზოგადოებასთან ჩვენი ერთიანობის სიმბოლოა და შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრინციპს წარმოადგენს.
თეა ახვლედიანმა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მასძინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე დაათვალიერა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნსაცავსა და მუზეუმში დაცული აფხაზურენოვანი წიგნები და ისტორიული დოკუმენტები, მათ შორის თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს 1918 წლის 2 მაისის სხდომის ოქმი, რომელშიც აფხაზური და ოსური ენების სწავლების საკითხი განიხილება; სიმონ ჯანაშიას მიერ 1927 წელს შედგენილი აფხაზური ენის პროგრამა; 55 აფხაზი სტუდენტის სია, რომლებიც სოხუმის მთავრობის რეკომენდაციით ჩაირიცხნენ თბილისის უნივერსიტეტში პირველი რესპუბლიკის პერიოდში და სხვა საინტერესო მასალები.
აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი ასევე ესტუმრა სოხუმის უნივერსიტეტსა და თსუ-ში მოქმედ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრს. თეა ახვლედიანმა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორ ზურაბ ხონელიძესა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრის ხელმძღვანელ ზურაბ შენგელიასთან გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრები გამართა, სახელმწიფო მინისტრი მათ საქმიანობასა და განხორციელებულ პროექტებს გაეცნო. შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გზები დასახეს.