თეა ახვლედიანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა

30 ოქტომბერი 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა.
 
ღონისძიება, რომელიც დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, ორგანიზებულ იქნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN-WOMEN) მხარდაჭერით. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ქალთა და ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე კონფლიქტით დაზარალებული, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალები.
 
სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სამშვიდობო პროცესსა და ნდობის აღდგენის მშენებლობაში ქალთა განსაკუთრებულ როლს და დაადასტურა მზადყოფნა ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს აღინიშნება „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის ოცი წლისთავი, რაც დღევანდელ შეხვედრას სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებს.
 
სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ერგნეთის მექანიზმის აღდგენისა და შემდგომი შეუფერხებელი, შედეგზე ორიენტირებული ფუნქციონირების, ასევე გალის შეხვედრების უპირობო აღდგენის აუცილებლობას. თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი, ისევე როგორც უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით ადგილზე არსებული მძიმე ვითარება, მათ შორის, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვები და უკანონო დაკავების ფაქტები მუდმივად დგას საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების დღის წესრიგში.
 
შეხვედრის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას მოხსენებით ასევე მიმართეს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.
 
ძირითადი მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც ვრცლად იქნა განხილული ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გამო გალისა და ახალგორის რაიონებში შექმნილი ჰუმანიტარული ვითარება, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები და ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების კონკრეტული საჭიროებები.
 
ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მონაწილეების მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ და სხვა საკითხების გარშემო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შემდგომი თანამშრომლობისთვის, ასევე მათი საჭიროებების გათვალისწინებისთვის მზადყოფნა.
 
ღონისძიება „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა.