„მიგვაჩნია, რომ დიალოგი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტი და მდგენელი ჩვენი შერიგების პოლიტიკის. ამდენად ცალსახად აღსანიშნავია, რომ მხარს ვუჭერთ და მზად ვართ, რომ გავაფართოვოთ არსებული დიალოგი ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების თემებზე, იმ საერთო ინტერესების თემებზე, რომლებიც მიმართული იქნება მოსახლეობის საკეთილდღეოდ. როდესაც განვიხილავთ აფხაზური საზოგადოების მხრიდან დიალოგის სურვილს, აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან მუდივად გვაქვს კომუნიკაცია და ვიღებთ ინფორმაციას მათი ადგილობრივი საჭიროებების თაობაზე, რის საფუძველზეც ვცდილობთ მათ დახმარებას. წარსულშიც არაერთხელ დაგვიფიქსირებია გახსნილობა ამ კომუნიკაციების გასაღრმავებლად, მაგრამ სამწუხაროდ იყო შემთხვევები, რომ შემხვედრი სურვილი ან რეალურად არ არსებობდა ან მხოლოდ მედიასაშუალებებში გაკეთებული განცხადებებით შემოიფარგლებოდა.
დღეს ჩვენს გარშემო იქმნება სრულად ახალი რეალობა, რომელიც კრემლის ღია და დეკლარირებული ანექსიური პოლიტიკით არის განპირობებული. აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო აუცილებელს ხდის ჩვენი და აფხაზური საზოგადოების მჭიდრო კომუნიკაციას, რათა გავაძლიეროთ შესაძლებლობები და გავაერთიანოთ ძალისხმევა საერთო პრობლემების წინააღმდეგ. ჩვენ ვადასტურებთ მზადყოფნას საგნობრივი დიალოგისთვის აფხაზური საზოგადოების ყველა იმ ჯგუფთან, ვის ინტერესშიც შედის ამ რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობა და სამომავლო განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ იმ საერთო და ურთულესი გამოწვევების გამკლავება, რომლის წინაშეც დღეს ვართ, ბევრად მარტივად და უდანაკარგოდ მოხდება ჩვენი მჭიდრო, შეთანხმებული და ინტენსიური კომუნიკაციის პირობებში“