„ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტად რჩება გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ოკუპაციის წნეხს. 2013 წელს შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში გრძელდება ერთიანი სამთავრობო ძალისხმევა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის თუ საგანმანთლებლო პროგრამების ფარგლებში.
შედეგად, გათბობით უზრუნველყოფილია 14 000 ოჯახი, გაზიფიცირებულია დამატებით 12 სოფელი და ჯამში გაზი მიეწოდება 74 სოფელს, განხორციელდა 50 მლნ. ლარის ღირებულების 21 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი, დასრულდა დაგეგმილი წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის 4 მასშტაბური პროექტი, განხორციელდა 30 სკოლის შენობის რეაბილიტაცია. უმაღლესში სწავლა დაუფინანსდა 2500-მდე სტუდენტს.
მოსახლეობისთვის დამატებით შეღავათებს უკავშირდება, წელს 21 სოფლისთვის მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭება, ასევე მიწების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც უკვე ათეულობით ათასს მიწის ნაკვეთს შეეხო.
კამპანიური სახე ჰქონდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით მოსახლეობის სოციალურ მხარდაჭერას გამყოფი ხაზების ყველა რეგიონში, რომლის ფარგლებში შევძელით მოგვეცვა კონფლიქტით დაზარალებული 116-ვე სოფლის მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი 2100-ზე მეტი ოჯახი, და ობოლი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების 1000-მდე ოჯახი“ - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.