თეა ახვლედიანი - აფხაზეთის რეგიონში შეტანილ იქნა საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო პარტნიორების 4 მილიონ ლარამდე ღირებულების დახმარება

30 დეკემბერი 2020

 „გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგი და ნდობის აღდგენა, შერიგების  პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტებია. სწორედ ამიტომ, მზად ვართ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებული არაფორმალური დიალოგის და თანამშრომლობის გაფართოებისთვის; დეპოლიტიზირებული მიდგომებით და მოსახლეობის საკეთილდღეოდ, სხვადასხვა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხების განხილვისთვის.                                                                                                                           

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ გარკვეულწილად შეაფერხა ქვეყნის გარეთ ნდობის აღდგენისკენ მიმართული შეხვედრები, აღსანიშნავია აფხაზურ საზოგადოებასთან მიმდინარე არაფორმალური კომუნიკაციის უახლესი წარმატებული მაგალითები და საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გზით დაგროვილი დადებითი გამოცდილება.

ამგვარი დიალოგითა და კონსტრუქციული მიდგომით სექტემბერში მოხერხდა აფხაზეთის რეგიონიდან 1000-ზე მეტი სტუდენტის, მოსწავლის და მათი ოჯახის წევრების ორგანიზებულად გადმოყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლის გასაგრძელებლად.

ჩვენი ხელშეწყობით შექმნილი სტატუს-ნეიტრალური საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით,  წელს აფხაზეთის რეგიონში შეტანილ იქნა საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო პარტნიორების 4 მილიონ ლარამდე ღირებულების დახმარება. 

საერთაშორისო პარტნიორებმა ჩვენი თანხმობით დაიწყეს ნდობის აღდგენისკენ მიმართული 36 ახალი პროექტი.

ნდობის აღდგენის თვალსაზრისით განსაკუთრებული დატვირთვა აქვს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და ნეშტების ოჯახებისთვის გადაცემას. პროცესი მიმდინარე წელსაც არ შეჩერებულა და პანდემიის მიუხედავად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით შესაძლებელი გახდა 13 ნეშტის გადმოსვენება“ - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.