შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის ერთიან ძალისხმევას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ პოლიტიკის კოორდინაციისა და ეფექტიანი განხორციელების თვალსაზრისით, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოების ქმედითი მხარდაჭერის გაგრძელებას, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონში ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეწირება. თეა ახვლედიანმა კვლავ მთელი სიმწვავით დააყენა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ირაკლი ბებუას და ზაზა გახელაძის დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების აქტიური ჩართულობისა და რუსეთზე ზეწოლის გაგრძელების მნიშვნელობას.
სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე, რომელიც რუსეთს, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას მიმდინარე მოვლენებსა და დარღვევებზე. გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დადებით გავლენას იქონიებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის პროცესზე.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისთვის კოვიდ-19 პანდემიის სავალალო შედეგებისა და ამ კონტექსტში საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევის თაობაზე.
სახელმწიფო მინისტრმა ტოივო კლაარს ინფორმაცია მიაწოდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ განხორციელების თაობაზე.
თეა ახვლედიანმა სპეციალურ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.
მხარეებმა სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.