შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს, საბინ მახლს შეხვდა.

26 იანვარი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს, საბინ მახლს შეხვდა.
 
სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის ერთიან ძალისხმევას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ პოლიტიკის კოორდინაციისა და ეფექტიანი განხორციელების თვალსაზრისით, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოების ქმედითი მხარდაჭერის გაგრძელებას, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
შეხვედრაზე განხილულ იქნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონში ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეწირება, ასევე უკანონო დაკავებების პრაქტიკაზე. საუბარი შეეხო ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისთვის კოვიდ-19 პანდემიის სავალალო შედეგებს და ამ კონტექსტში საქართველოსა და სართაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელობას.
 
სახელმწიფო მინისტრმა მუდმივ კოორდინატორს ინფორმაცია მიაწოდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ განხორციელების თაობაზე.
 
თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში გაერო-ს მიერ შეტანილი წვლილისათვის, ასევე პანდემიის პერიოდში გაერო-ს სააგენტოების მიერ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის.
 
მხარეებმა სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.