შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან - პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების მრჩეველთან მაიკლ ჰონიგსტეინთან და საგარეო ურთიერთობების პოლიტიკური განყოფილების უფროსთან ქეითი ნათთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა იმსჯელეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა აშშ-ის როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის როლის მნიშვნელობას. თავის მხრივ, აშშ-ის მხარემ კიდევ ერთხელ, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დაადასტურა სრული, მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სამშვიდობო პოლიტიკის პროცესში არსებული აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებას, ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას, მათ შორის კოვიდ-19 პანდემიის შედეგების გათვალისწინებით, ნდობის აღდგენის პროცესის მიმდინარეობას და სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელებას.