თეა ახვლედიანი რუსლან აბაშიძესთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა

25 თებერვალი 2021
თეა ახვლედიანი რუსლან აბაშიძესთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა
 
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, რის შემდეგაც, შედგა თეა ახვლედიანის გაცნობითი შეხვედრა მოწვეულ საზოგადოებასთან - აფხაზეთიდან დევნილ, მათ შორის, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში განათლებამიღებულ და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ ახალგაზრდებთან. სახელმწიფო მინისტრმა, 100 წლის წინ საქართველოში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან ერთად, ისაუბრა მიმდინარე რუსული ოკუპაციის შედეგად, საქართველოს წინაშე დღესდღეობით არსებულ გამოწვევებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე, ისევე როგორც საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა და ახალგაზრდებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკისა და სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების შესახებ. ამ კონტექსტში სახელმწიფო მინისტრის მხრიდან ხაზი გაესვა ომით დაშორებული საზოგადოებების დაახლოების და მათ შორის ნდობის აღდგენის მიზნით, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას. მან ხაზგასმით აღნიშნა შერიგების პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის როლს და მათთან სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. ასევე, აღინიშნა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, სტრატეგიული პარტნიორობის და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა.
 
შეხვედრისას გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც, თეა ახვლედიანმა და რუსლან ანაშიძემ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს.