საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სოფელ წერეთლის საჯარო სკოლაში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, სპეციალური ღონისძიება გაიმართა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში როგორც ეთნიკურად ქართველი, ასევე სომეხი და აზერბაიჯანელი მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა საბჭოთა ოკუპაციისა და ზუსტად 100 წლის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა. მან ასევე ხაზი გაუსვა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გატარებული პოლიტიკის ფარგლებში, ეთნიკურ უმცირესობათათვის ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას, რაც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ეფექტიან განხორციელებას ისახავს მიზნად.
„სახელმწიფო მინისტრის აპარატი აგრძელებს ცნობიერების ამღლებისა და საინფორმაციო კამპანიებს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. დღეს, 25 თებერვალს. რა თქმა უნდა, ჩვენი შეხვედრა, მიეძღვნა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს და ეს შეხვედრა ჩატარდა წერეთლის საჯარო სკოლაში, სადაც ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოება იყო წარმოდგენილი სკოლის მოსწავლეების სახით. ჩვენვისაუბრეთ ამ დღის მნიშვნელობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ ისტორია, რათა სწორად განჭვრიტონ შემდგომში მომავალი, გააანალიზონ პროცესები და სწორად დაგეგმონ თითოეული ნაბიჯი. ამავდროულად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ თითოეულმა მათგანმა თავისი თავი დაინახოს მომავლის მშენებლობაში, მიუხედავად საკუთარი ეთნიკური წარმომავლობისა,“- განაცხადა ლია გიგაურმა.
შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა ლექცია სახელწოდებით: „თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ“, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოწვევით, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა და ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ წაიკითხა. მან ახალგაზრდებს 1921 წელს განვითარებული ისტორიული მოვლენების შესახებ დეტალური და სრულყოფილი ინფორმაცია მიაწვდა.
თავის მხრივ, სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პერფორმანსი, რომელიც საბჭოთა ოკუპაცის 100 წლისთავს ეხმიანებოდა.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა წიგნები საქართველოს ისტორიის შესახებ.
ჩატარებულ ღონისძიებას ქვემო ქართლის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.