შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან როზარია პუგლისთან შეხვედრა გამართა.
თეა ახვლედიანმა ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება. მისი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობა, ყველა უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
აღნიშნულ კონტექსტში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომელიც რუსეთს, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას ადგილზე მიმდინარე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე.
თეა ახვლედიანმა ასევე ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესსა და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე.
თავის მხრივ, სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა დაადასტურა ნატო-ს მტკიცე პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკასთან ერთად, სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელებაზე, ახალი სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების პროცესზე და განსაზღვრულ სტრატეგიულ მიზნებსა და პრიორიტეტებზე.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.