სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი წარუდგინა

11 მარტი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი წარუდგინა.
 
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიესალმა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის“ ოფისის ხელმძღვანელი ადამ შმიდტი.
თეა ახვლედიანმა ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ხედვაზე, მიზნებსა და ამოცანებზე. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებს, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. სხდომის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა წარმოადგინა „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების“ შედეგები. ასევე, მონაწილეებს დეტალურად გააცნო „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2026წწ. სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტი.
 
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით. სახელმწიფო მინისტრმა უპასუხა ყველა დასმულ შეკითხვას.
 
„სახელმწიფო მინისტრის აპარატი შესაბამისს დარგობრივ სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური ჩართულობით ხელმძღვანელობს 2021-2026წწ. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების პროცესს, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. გასულ კვირას ჩვენ აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტის საბოლოო პროექტი შევაჯერეთ სამთავრობო დონეზე უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის ფარგლებში, დღეს კი, ჩვენ სტრატეგიის საბოლოო შეჯერებული ვერსია წარვუდგინეთ სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ფართო ჩართულობა, რომელსაც ვუზრუნველყოფთ აქტიური კონსულტაციებისა და შეხვედრების გზით. ასევე ვგეგმავთ სტრატეგიის პროექტის განხილვას საქართველოს პარლამენტში, ასევე ვეწვევით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებს და რაც მთავარია სტრატეგიის პროექტი სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება, რომელზეც თითოეულ მოქალაქეს შეეძლება თავისი მოსაზრების დაფიქსირება. ამ ღია და ინკლუზიური საჯარო განხილვების პროცესის დასრულების შემდეგ, უახლოეს მომავალში, ბუნებრივია, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის პროექტი, მისი დასრულებული ვერსია, დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.
 
ღონისძიება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით გაიმართა.