შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, მარკ კლეინტონთან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი პოზიციის გამო, ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის ინიციატივების მტკიცე მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესზე, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის, ისე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის მიმართულებით. აღნიშნულ კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრმა ბრიტანელ დიპლომატს გააცნო საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.
თავის მხრივ, გაერთიანებული სამეფოს ელჩი მიესალმა ქართული მხარის ძალისხმევას და სამშვიდობო პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკასთან ერთად, სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებსა და პრიორიტეტებზე.
მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.