სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან არსებულ საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი წარადგინა

18 მარტი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან არსებულ საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი წარუდგინა.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა და ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გახსნეს. ლია გიგაურმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობაზე და ხედვაზე ისაუბრა და „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების“ შედეგები წარმოადგინა. ასევე, მონაწილეებს „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტი დეტალურად გააცნო.
 
შეხვედრაში ქვემო ქართლის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
 
„სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დაასრულა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტზე მუშაობა. დღეს უკვე შეჯერებული ვერსია წარვუდგინეთ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებას რუსთავში, სადაც შეხვედრაზე გვესწრებოდნენ ქვემო ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რომლებიც პრიორიტეტული იქნება ახალი სტრატეგიის ფარგლებში. სტრატეგია განისაზღვრა 10 წლის ვადით, შესაბამისად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მისი განხორციელების პროცესში როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას, ასევე სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას, რათა სრულფასოვნად იყოს მიღწეული ის საერთო მიზანი, რომელიც ერთობლივად დავისახეთ - ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის მრავალეთნიკური საზოგადოების ურთიერთინტეგრაცია და სამოქალაქო თანასწორობის მიღწევა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის საკითხები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წამოჭრეს შეხვედრის ფარგლებში. სტრატეგიის პროექტის საზოგადოებრივი განხილვის პროცესი, სადაც წარმომადგენლები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან საკუთარი პერსპექტივიდან აფასებენ სტრატეგიის დოკუმენტს და გვიზიარებენ შეხედულებებსა და მოსაზრებებს, ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიის ეფექტიანად განხორციელებისათვის“, - განაცხადა ლია გიგაურმა.
 
„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით მომზადდა