შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან, მააიკე ვან კოლდამისთან შეხვედრა გამართა

18 მარტი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან, მააიკე ვან კოლდამისთან შეხვედრა გამართა.
 
სახელმწიფო მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.
 
შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა დეტალურად განიხილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა ორივე - შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით.
 
სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება. მისი მხრიდან ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობა, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
 
თეა ახვლედიანმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების შედეგები და სამომავლო ხედვები, რაც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების და ამასთან, ხელოვნურად გაყოფილ მოსახლეობას შორის თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
 
თავის მხრივ, გაერთიანებული სამეფოს ელჩი მიესალმა ქართული მხარის ძალისხმევას და სამშვიდობო პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამშვიდობო პროცესში ქალთა როლისა და ჩართულობის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან თანამშრომლობის გაღრმავება აპარატის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ისაუბრა ამ კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებზე.
 
ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა ვრცლად მიმოიხილა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის სტრატეგიული მიზნები და პრიორიტეტები, მათ შორის ახალი ათწლიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების პროცესი.
 
მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.