შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩთან, ანდრიუს კალინდრასთან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა დეტალურად მიმოიხილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა ორივე - შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით.
მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობა, ყველა უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომელიც რუსეთს, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას ადგილზე მიმდინარე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე.
თეა ახვლედიანმა ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების შედეგები და სამომავლო ხედვები, რაც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების და ამასთან, ხელოვნურად გაყოფილ მოსახლეობას შორის თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
თავის მხრივ, ლიეტუველი დიპლომატი მიესალმა ქართული მხარის ძალისხმევას და სამშვიდობო პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ვრცლად მიმოიხილა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის სტრატეგიული მიზნები და პრიორიტეტები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების განათლებაზე ხელმისაწვდომობის, სახელმწიფო ენის სწავლების, სამოქალაქო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში მათი ჩართულობის საკითხები, ასევე ახალი ათწლიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების პროცესი.
მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.