შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან დათა ვანიშვილის ოჯახის მონახულების მიზნით ხურვალეთში იმყოფებოდა

19 მარტი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან დათა ვანიშვილის ოჯახის მონახულების მიზნით ხურვალეთში იმყოფებოდა. სახელმწიფო მინისტრმა ოჯახს კიდევ ერთხელ პირადად მიუსამძიმრა, მათი საჭიროებებით დაინტერესდა და სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა. თეა ახვლედიანი ვანიშვილების ოჯახთან შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან მამუკა საღარეიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
 
"სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუერთდები ჩვენი საზოგადოების თანაგრძნობას დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო. დათა პაპა არის ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ოკუპაციის და მის უმძიმეს ჰუმანიტარულ შედეგებთან ბრძოლის სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, გამყოფი ხაზის გასწვრივ აღმართული ხელოვნური ბარიერების შედეგად, მისი სახლი აღმოჩნდა საოკუპაციო ხაზის მიღმა, დათა ვანიშვილს არასდროს შეუწყვეტია ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა, არ შეგუებია მას და მიუხედავად ურთულეს პირობებში ცხოვრებისა, არ დაუტოვებია საკუთარი სახლი.
 
დათა ვანიშვილი განასახიერებს იმ უმძიმეს ხვედრს, რომელსაც, სამწუხაროდ, დღემდე განიცდის და იზიარებს მრავალი ადამიანი როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთსა და გამყოფი ხაზების სიახლოვეს, რაც საოკუპაციო რეჟიმის არაჰუმანური პოლიტიკის გამოვლინებაა.
სწორედ უკანონო ოკუპაციის შედეგია, რომ დღემდე, სისტემატურად და უხეშად ირღვევა კონფლიქტით დაზარალებული მრავალი ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, უპირველესად, როგორიც არის ღირსეულ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება და თავისუფალი გადაადგილება, რაც იწვევს ოჯახების გაყოფას. საკუთრებაზე, მათ მიწაზე და სახლებზე წვდომის დაკარგვას.
 
ამ დესტრუქციულ პოლიტიკასთან გასამკლავებლად, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ინტენსიურ ძალისხმევას, ყველა შესაძლო რესურსის და მექანიზმის გამოყენებით. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ასევე ენიჭება საერთაშორისო პარტნიორების გაძლიერებულ ძალისხმევას და რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებას, რათა მან შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები და შეწყვიტოს უკანონო ქმედებები, რაც იწვევს ადგილზე მცხოვრები ადამიანების ურთულეს ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მათ შორის, სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფას. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დათა ვანიშვილის ოჯახს და ახლობლებს," - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.