თეა ახვლედიანი: ჩვენ არ შევეგუებით და ვაგრძელებთ ოკუპაციასთან და მის სავალალო შედეგებთან ბრძოლას

23 მარტი 2021
თეა ახვლედიანი: ჩვენ არ შევეგუებით და ვაგრძელებთ ოკუპაციასთან და მის სავალალო შედეგებთან ბრძოლას
 
„ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ამ დრომდე განიცდის საკუთარი ფუნდამენტური უფლებების უხეშ და სისტემატიურ დარღვევას, რაც მოიცავს გადაადგილების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვას, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფას, უკანონო პატიმრობას. ამ მხრივ განსაკუთრებით შემაშფოთებელია გალსა და ახალგორში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობა, რომლებიც ეთნიკური დისკრიმინაციის მსხვერპლი არიან, რადგან მიზანმიმართულად შეზღუდული აქვთ იმგვარი უფლებებით სარგებლობა, რაც ხელმისაწვდომია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვის. მძიმე უფლებრივ მდგომარეობას ემატება ადგილზე არსებული ჰუმანიტარული ვითარება, რამაც ახალგორის მიმართულებით, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი ჩაკეტვის გამო, ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.
 
მოგეხსენებათ, რომ სოხუმსა და ცხინვალში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 5 მოქალაქე, ხოლო გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის მკვლელობაში ბრალდებული პირები ამ დრომდე დაუსჯელნი რჩებიან. მიუხედავად 100 კმ მავთულხლართისა, რომელიც ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არის გავლებული ჩვენ არ შევეგუებით არსებულ ვითარებას. საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით და ერთობლივი გაორმაგებული ძალისხმევით, მათ შორის ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, ჩვენ ვაგრძელებთ ოკუპაციასთან და მის სავალალო შედეგებთან ბრძოლას პრინციპული, თუმცა პრაგმატული და ცალსახად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკით.“