თეა ახვლედიანი: 25 წლის განმავლობაში პირველად შევქმენით უნიკალური შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის

23 მარტი 2021
თეა ახვლედიანი: 25 წლის განმავლობაში პირველად შევქმენით უნიკალური შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, სტატუს-ნეიტრალური რეგისტრაციის საფუძველზე, ჩაერთონ ეკონომიკურ ურთიერთობებში გამყოფი ხაზების ორივე მხარეს
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა არის ცალსახად ადამიანზე ორიენტირებული. ჩვენი ამოცანაა, რომ კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა სარგებლობდეს იმავე შესაძლებლობებით, პროგრამებითა და სერვისებით, რაც ხელმისაწვდომია დანარჩენ საქართველოში მცხოვრები პირებისთვის. შესაბამისად, მათზე ზრუნვა და უკეთესი მომავლის პერსპექტივის შექმნა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენი ამოცანა ასევე არის ომით ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის გაუცხოების დაძლევა, ადამიანებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და ნდობის მშენებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ყოფით დონეზე კონფლიქტის მოგვარებისთვის.
 
დასახული ამოცანების მისაღწევად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჩვენ ვდგამთ თანმიმდევრულ და დინამიურ ნაბიჯებს, ვგეგმავთ და ვახორციელებთ ისეთ პროგრამებს, რაც შეძლებისდაგვარად მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების ფაქტიურად ყველა სფეროს - ჯანდაცვას, განათლებას, სოფლის მეურნეობას და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. მიმდინარე ოკუპაციის და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში, ასევე ადგილზე განხორციელებული პოლიტიკის გათვალისწინებით, ჩვენ გვიწევს ვიყოთ კრეატიულები, გამოვნახოთ სტატუს-ნეიტრალური გზები და შევქმნათ უნიკალური ინსტრუმენტები იმისთვის, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას გავუხსნათ სხვადასხვა შესაძლებლობებით სარგებლობის გზები.
სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სწორედ ამგვარი მიდგომის შედეგია. 2018 წელს საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო ინიციატივის თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავდა სამ მიმართულებას: 1. ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ; 2. განათლების შესაძლებლობების განვითარება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის; და 3. სხვადასხვა სახელმწიფო სერვისებზე წვდომის გამარტივება.
 
2019 წელს დასრულდა ინიციატივის ამოქმედებისათვის აუცილებელი სამართლებრივი პროცესი, რომელიც გულისხმობდა სხვადასხვა კანონქვემდებარე აქტების სრულ შესაბამისობაში მოყვანას პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან. შედეგად, ცვლილება განხორციელდა 8 სამართლებრივ აქტში და მიღებული იქნა 5 სრულიად ახალი აქტი, რომლებიც ეხებოდა ინიციატივით გათვალისწინებული სტატუს-ნეიტრალური ინსტრუმენტების დანერგვას და ამოქმედებას.
 
აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი პროცესი, რომელიც საქართველოს პარლამენტის და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების აქტიური მუშაობით განხორციელდა, ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს ვაჭრობისა და განათლების მიმართულებით ახალი შესაძლებლობების გამოყენებისთვის. თუმცა, იმავდროულად, ამ სიკეთეებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია კონკრეტული მექანიზმების შექმნა და ეფექტიანი ფუნქციონირება. სწორედ ამიტომ, 2019 წლიდან მოყოლებული შეიქმნა და ამოქმედდა ინიციატივით გათვალისწინებული სხვადასხვა ფინანსური და საგანმანათლებლო ინსტრუმენტი.
 
პანდემიის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ სამშვიდობო ინიციატივის უნიკალური ფინანსური მექანიზმის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ ამოქმედება. ეს არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის ერთადერთი მიზანია მოემსახუროს ინიციატივის მიზნებს და გააუმჯობესოს ოკუპირებული რეგიონების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ამ გზით ფონდი ხელს უწყობს ადამიანებს შორის ეკონომიკურ, საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. ფონდმა უკვე ჩაატარა პირველი საგრანტო კონკურსი და ამჟამად მიმდინარეობს გამოვლენილი 14 წარმატებული პროექტის დაფინანსება. აღნიშნული პროექტები მოიცავს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებას, ასევე წარმოებას და პროდუქციის გადამუშავებას, რაც თავის მხრივ ნათლად ავლენს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ საჭიროებებს და მოსახლეობის ინტერესს. ჩვენ მიერ საერთაშორისო დონორებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, ფონდის საქმიანობაში კონტრიბუციის მზადყოფნა უკვე გამოხატეს გერმანიამ და შვეიცარიამ, თუმცა არიან რიგი სხვა დონორები, რომლებიც ასევე აპირებენ ფინანსური დახმარების გაწევას. საჯარო ფორმატი არ მაძლევს საშუალებას ღიად ვისაუბრო მათ შესახებ.
 
მნიშვნელოვანია, რომ 25 წლის განმავლობაში ჩვენ პირველად შევქმენით უნიკალური შესაძლებლობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, სტატუს-ნეიტრალური რეგისტრაციის საფუძველზე, ჩაერთონ ეკონომიკურ ურთიერთობებში გამყოფი ხაზების ორივე მხარეს, გადმოიტანონ პროდუქცია საქართველოს ბაზარზე გასაყიდად და ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის იმ მექანიზმებით, რომელიც საქართველოს გააჩნია სხვადასხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების საფუძველზე. ეს არის კონკრეტული სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო, რომელსაც პოლიტიკური ნების გამოვლენის და ხელსაყრელი გარემოს შექმნის პირობებში გააჩნია უდიდესი პოტენციალი გააუმჯობესოს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა და გაუხსნას უკეთესი მომავლის პერსპექტივა. ჩვენ ვხედავთ რაოდენ დიდია ადამიანების ინტერესი და სურვილი ჩაერთონ ბიზნეს საქმიანობაში, რასაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აფერხებს მიმდინარე ოკუპაცია, დაკეტილი ე.წ. გადასასვლელი პუნქტები და რუსეთის მიზანმიმართული იზოლაციონისტური პოლიტიკა, რომლის მიზანია ადამიანების დაშორიშორება და მათ შორის ხელოვნური ბარიერების აღმართვა.“