თეა ახვლედიანი: პანდემიის მიუხედავად ჩვენ არ შეგვიჩერებია აფხაზეთის რეგიონის საჭირო მედიკამენტებითა და სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგება

23 მარტი 2021
თეა ახვლედიანი: პანდემიის მიუხედავად ჩვენ არ შეგვიჩერებია აფხაზეთის რეგიონის საჭირო მედიკამენტებითა და სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგება
 
„სამშვიდობო ინიციატივის გარდა, მოკლედ მინდა შევეხო ჩართულობის პოლიტიკის სხვა მიმართულებებს, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვისა და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნის მიმართულებით. ამ კუთხით კრიტიკული მნიშვნელობის არის უფასო ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამა, რომლის მიმდინარეობა პანდემიის დროსაც კი არ შეფერხებულა. 2020 წელს პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვუმკურნალეთ 876 პაციენტს. გარდა ამისა, პანდემიის მიუხედავად ჩვენ არ შეგვიჩერებია აფხაზეთის რეგიონის საჭირო მედიკამენტებით, მათ შორის სხვადასხვა ვაქცინით მომარაგება, რომელთა წლიური ღირებულება მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ჯანდაცვის საერთო კომპონენტებზე დახარჯული თანხა კი ჯამში 5 მილიონ ლარს აჭარბებს.
 
გლობალური პანდემიის ფონზე, ჯანდაცვის მიმართულებით 2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელობა შეიძინა ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობის დახმარებამ. გამოხატული მზაობა გადაითარგმნა კონკრეტულ ქმედებებში ოთხი მიმართულებით: 1. ცნობიერების ამაღლება - ყველა საინფორმაციო მასალა, მათ შორის NCDC-ის პროტოკოლები ითარგმნა და გავრცელდა აფხაზურ და ოსურ ენებზე; ამ ენებზევე ამოქმედა ვებგვერდი stopcov.ge; 2. ექსპერტიზის გაწევა - ჩვენ ხელი შევუწყვეთ ჯანმო-ს ექსპერტების რამდენიმე ვიზიტს აფხაზეთის რეგიონში სიტუაციის შესასწავლად. ამასთან, ქართველ და აფხაზ ინფექციონისტებს შორის ხორციელდებოდა რეგულარული ონლაინ კონსულტაციები; 3. სამედიცინო საშუალებების მიწოდება - საქართველოს მთავრობის მიერ, ასევე ჩვენი მხარდაჭერით - საერთაშორისო პარტნიორების მიერ აფხაზეთის რეგიონს რეგულარულად მიეწოდებოდა საჭირო სამედიცინო საშუალებები, რომელთა ღირებულებამ 2 მილიონი ლარი შეადგინა; 4. და რაც ყველაზე მთავარია - ინფიცირებული პაციენტების გადმოყვანა და მკურნალობა - ამ დრომდე ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობა გაეწია 400-მდე კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტს.
 
ჩვენ არაერთხელ, საჯაროდ თუ დახურული არხების გამოყენებით, დავადასტურეთ მზაობა ანალოგიური დახმარება გაგვეწია ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის, თუმცა ცხინვალის დესტრუქციული მიდგომის და უარის შედეგად დახმარების გაწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონში მოქმედ ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან - წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან იმისთვის, რომ მათი მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს ადგილზე სათანადო ჩართულობა და მოსახლეობის დახმარება.“