თეა ახვლედიანი: ჩვენ ვგეგმავთ გავააქტიუროთ ჩართულობის სახელმწიფო კომისიის საქმიანობა და დავიწყოთ ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიის გადახედვის პროცესი
„მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ოკუპაცია და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები უარყოფით გავლენას ახდენს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებაზე და მნიშვნელოვნად ართულებს დასახული ამოცანების მიღწევას, გვჯერა, რომ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხი უნდა იყოს პოლიტიკის კიდევ უფრო გააქტიურება და ძალისხმევის გაორმაგება. ჩვენ ვგეგმავთ გავააქტიუროთ ჩართულობის სახელმწიფო კომისიის საქმიანობა და დავიწყოთ ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიის გადახედვის პროცესი, რაც 2010 წლის შემდგომ არ განხორციელებულა. აღნიშნული მოითხოვს სახელმწიფო უწყებების აქტიურ ჩართულობას და გვსურს, რომ აღნიშნულ პროცესში ასევე მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოს პარლამენტთან.
გარდა ამისა, ჩვენი სამომავლო გეგმები მოიცავს დეზინფორმაციასთან ბრძოლის გააქტიურებას იმისთვის, რომ ნდობის აღდგენის პროექტების პარალელურად, ეფექტიანად დავუპირისპირდეთ ადგილზე პროპაგანდისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც მიზნად ისახავს „მტრის ხატის“ შენარჩუნებას და გაუცხოების ხელოვნურად გაზრდას. აღნიშნული ასევე მოითხოვს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას და ეფექტიან მუშაობას.
მიმდინარე კონფლიქტის და ყოველდღიური გამოწვევების მიუხედავად, ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მთავრობას, როგორც მის განუყოფელ ნაწილს, კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ არსებული ვითარება არ შედის გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ინტერესებში. საჭიროა დეპოლიტიზირებული მიდგომები, მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების, პრაგმატული ინტერესების და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის გათვალისწინება, ასევე სახალხო დიპლომატიისა და ადამიანთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რაც უმნიშვნელოვანესია პროგრესის მისაღწევად ომით ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების გზაზე.