შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ებრაელ თანამოქალაქეებს პასექის (ფესახი) დღესასწაულს ულოცავს.
„გულითადად გილოცავთ პასექის (ფესახის) უდიდეს დღესასწაულს, რომელიც ებრაელი ხალხის ეგვიპტიდან გამოსვლას, მონობიდან თავის დახსნას, ფიზიკურ და სულიერ გადარჩენას უკავშირდება. ეს დღესასწაული ებრაელი ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვის, სიძლიერისა და სიმტკიცის სიმბოლოა. პასექი ძვირფასია როგორც ყველა ებრაელისთვის, ისე სხვა თავისუფლების მოყვარე ხალხებისთვის. ვიზიარებ თქვენს სიხარულს და თითოეულ ოჯახს ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიკეთესა და კეთილდღეობას ვუსურვებ!
ქართულ-ებრაული ურთიერთობების უნიკალურობა საუკუნეებს ითვლის. ებრაული კულტურა და ტრადიციები ჩვენი სიმდიდრე და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მრავალეთნიკურ და კულტურული მრავალფეროვნებით გამორჩეულ საზოგადოებას“ - აღნიშნა თეა ახვლედიანმა.
პასექი, ანუ ფესახი, ებრაული დღესასწაულია, რომელიც ებრაელი ხალხის ეგვიპტელთა მონობიდან გამოხსნას ეძღვნება. ბიბლიური დღესასწაული ძვირფასი და მნიშვნელოვანია ყველა ებრაელისათვის. ამ დღეს მორწმუნეები უფლისგან მოვლენილ ხსნას ზეიმობენ, იერუსალიმის ტაძარს მოილოცავენ და უფუარ პურს - მაცას მიირთმევენ.