სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელთან, რაიმუნდ იელესთან შეხვედრა გამართა

8 აპრილი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელთან, რაიმუნდ იელესთან შეხვედრა გამართა.
 
მხარეებმა დეტალურად განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში FAO-ს საქმიანობა და იმსჯელეს ორგანიზაციის როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო პროექტებთან დაკავშირებულ საკითხებზე. სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოთქვა FAO-ს მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული საქმიანობისა და ზოგადად საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობა ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისა და ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.
 
სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე; განსაკუთრებით აღინიშნა საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რამაც წლების განმავლობაში არაერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. სახელმწიფო მინისტრმა უკიდურესი შეშფოთება და მწუხარება გამოთქვა აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციოხაზთან 7 აპრილს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით, რამაც საქართველოს ოთხი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.
 
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.