თეა ახვლედიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა

13 აპრილი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ე.წ. „გადასასვლელი პუნქტების“ ჩაკეტვით გამოწვეულ უმძიმეს ჰუმანიტარულ შედეგებს, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონების მოსახლეობისთვის, რამაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. აღნიშნულ კონტექსტში, უკიდურესი მწუხარებითა და სიმწვავით აღინიშნა 7 აპრილს მდ. ენგურზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა. მხარეების მიერ ხაზი გაესვა საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების აღდგენის აუცილებლობას.
 
სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ დააყენა უკანონო დაკავებების პრაქტიკის დაუშვებლობისა და ამჟამად უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის, მათ შორის ირაკლი ბებუას და ზაზა გახელაძის უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს 2021 წლის 25-26 მარტს გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდის შედეგებზე.
 
თეა ახვლედიანმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების თაობაზე და ამ კუთხით არსებული სამომავლო გეგმები გააცნო.
 
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.