ლია გიგაურმა საინფორმაციო კამპანიის პროექტის - ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ შემაჯამებელი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა

14 აპრილი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა საინფორმაციო კამპანიის პროექტის - ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ შემაჯამებელი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
 
ლია გიგაურმა ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების პროცესში თანატოლგანმანათლებელთა როლზე და მათ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
“დღეს ჩვენ შევაჯამეთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის და საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ინიცირებული ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის მიზანიც გახლდათ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინფორმირება პროფესიული და უმაღლესი განათლების შესაძლებლობებისა და იმ საშეღავათო პროგრამების შესახებ, რომელთაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. პროექტში ჩართულნი იყვნენ თანატოლგანმანათლებლები, რომლებმაც მოიარეს 12 მუნიციპალიტეტის 60 დასახლება, ასევე დისტანციური ურთიერთობების საშუალებით ათასამდე ახალგაზრდას მიაწოდეს ინფორმაცია პროფესიული და უმაღლესი განათლების ახალი შესაძლებლობების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდის მომავლის განსაზღვრისათვის. ფაქტობრივად, ამ პროგრამამ ძალიან ბევრ მათგანს შეუცვალა მომავალი ბედი და მიაღებინა გადაწყვეტილება განათლების მიღებასთან დაკავშირებით, ასევე გაუჩინა მოტივაცია ჩართულობის მიმართულებით,“- განაცხადა ლია გიგაურმა.
 
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა ადამ შმიდტმა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის თავმჯდომარემ შალვა ტაბატაძემ.
ღონისძიების ფარგლებში საინფორმაციო კამპანიის მონაწილე ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადაეცათ.
 
პროექტის განხორციელება 2018 წლიდან დაიწყო და მისი მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმირება/ცნობიერების ამაღლებაა. პროექტი მოიცავს ორ ეტაპს: თანატოლგანმანათლებელთა გადამზადება და გადამზადებული მონაწილეების მიერ შეხვედრების ჩატარება, საჭიროებისამებრ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მშობლიურ ენებზე, სხვადასხვა სამიზნე სეგმენტთან. პროექტის ბოლო ეტაპზე, თანატოლგანმანათლებელთა მიერ მოხალისეობრივ საფუძველზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებული სამი რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის 82 სოფელში ჩატარდა 60-მდე შეხვედრა, რომელზეც 1000-მდე ბენეფიციარს მიეწოდა ინფორმაცია არსებული საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ.
საინფორმაციო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით.