თეა ახვლედიანი საქართველოს მოსახლეობას ქართული ენის დღეს ულოცავს

14 აპრილი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს მოსახლეობას ქართული ენის დღეს ულოცავს:
 
„ძვირფასო თანამოქალაქეებო, გილოცავთ ამ ღირშესანიშნავ თარიღს - ქართული ენის დღეს! მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქართული ენა ჩვენი უდიდესი სიმდიდრე და სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტია. ქართულმა ენამ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არაერთ სირთულეს გაუძლო, მის არსებობას საფრთხეც კი დაემუქრა, თუმცა სრულიად საზოგადოების დიდი ძალისხმევის, ერთობისა და კონსოლიდაციის შედეგად ქართული ენა შენარჩუნდა, კიდევ უფრო განვითარდა და გაძლიერდა.
 
სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში კვლავაც მნიშვნელოვნად იზღუდება ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლების უხეშ დარღვევას და ეთნიკური დისკრიმინაციის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს. საქართველოს მთავრობა ძალღონეს არ იშურებს, მათ შორის აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს თანამოქალაქეებს ადგილზე ქართულ ენაზე სწავლის შესაძლებლობა ჰქონდეთ. გარდა ამისა, მთავრობის მიერ შემუშავებულია რიგი პროგრამები, რომლებიც მათთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე განათლების ყველა საფეხურისადმი გამარტივებულ წვდომას უზრუნველყოფს.
 
ჩვენი ვალი და უდიდესი პასუხისმგებლობაა არა მხოლოდ პატივი მივაგოთ სახელმწიფო ენას, არამედ გაუფრთხილდეთ მას, ხელი შევუწყოთ თოთოეულ მოქალაქეს შეისწავლოს ქართული ენა და ამით განვამტკიცოთ მისი მნიშვნელობა და სტატუსი. სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება, მისი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა და პოპულარიზაცია წარმოადგენს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტს. ბოლო წლების განმავლობაში დაინერგა რიგი მექანიზმები, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ქართული ენის ცოდნა. ამ მიმართულებით ძალისხმევა კიდევ უფრო გაძლიერდება.
 
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს! ერთად ვიზრუნოთ ქართული ენის დაცვასა და განვითარებაზე!“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
 
14 აპრილს საქართველოში დედა ენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. საბჭოთა ხელმძღვანელობის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს, წინ აღუდგა საზოგადოება, რაც მასობრივ საპროტესტო გამოსვლებში გამოიხატა.