შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.
უწყებათაშორისი კომისიის სხდომა სახელმწიფო მინისტრმა გახსნა და კომისიის წევრებს სიტყვით მიმართა. მან მიმოიხილა 2018 წელს დამტკიცებული სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობა და მისი ინსტრუმენტების ფუნქციონირება, რომლებიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას.
შეხვედრაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული თემატიკის მიხედვით, განხილულ იქნა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულება, მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები. კომისიის საქმიანობის სამომავლო გეგმებზე მსჯელობისას, აღინიშნა 2010 წელს მიღებული ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესის დაწყების მნიშვნელობა, რათა შერიგების პოლიტიკის ახლებური ხედვა და მიდგომები ასახავდეს არსებულ რეალურ საჭიროებებს.
„უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის დღევანდელი სხდომის მნიშვნელობა ძირითადად სამი მიმართულებით არის აღსანიშნავი. პირველ რიგში, ჩვენ განვაახლეთ ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების ძალიან მნიშვნელოვანი საკოორდინაციო მექანიზმი, ფორმატი, რომელიც წლებია არ ამოქმედებულა. მეორე მხრივ, ხაზგასასმელია, რომ შერიგების პოლიტიკაში ჩართულ უწყებებთან ერთად, ჩვენ განვიხილეთ და შევაფასეთ სამშვიდობო ინიციატივების აღსრულების მიმდინარეობა და მათი თანმდევი გამოწვევებიც. რაც ასევე ძალზედ საგულისხმოა, ჩვენ განვიხილეთ შერიგების პოლიტიკის შემდგომი განხორციელების უფრო ეფექტიანი და ახლებური მიდგომების დანერგვის გზები და მნიშვნელობა და განვიხილეთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივა - ჩართულობის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის გადახედვის თაობაზე, რომელიც 2010 წელს არის შემუშავებული და მორგებულ უნდა იქნას თანამედროვე და არსებულ საჭიროებებს,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
სამთავრობო კომისია 2011 წელს, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და მისი სამოქმედო გეგმის შესაბამისად შეიქმნა; კომისიის წევრები არიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები.