სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფისათვის სემინარი გაიმართა თემაზე: „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესი“

26 აპრილი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით გაიმართა ორდღიანი სემინარი თემაზე „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესი“. სემინარი მისასალმებელი სიტყვით სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ლია გიგაურმა და საქართველოს გაეროს ასოციაციის პროგრამა „PITA”-ს ხელმძღვანელმა ლაშა ჯუღელმა გახსნეს.
 
ლია გიგაურმა ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მოქმედი სტანდარტების შესაბამისად შემუშავების მნიშვნელობაზე და მისი განხორციელების პროცესში სამთავრობო კომისიის, მასთან არსებული სამუშაო ჯგუფის როლსა და პასუხისმგებლობებზე. მან დეტალურად მიმოიხილა სტრატეგიის პროექტში გაწერილი მონიტორინგის მექანიზმები, ხაზი გაუსვა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებს, რომელთა გადაჭრაც გათვალისწინებულია სამოქმედო გეგმით.
 
სემინარს უძღვებოდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი გიორგი ბობღიაშვილი. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის N629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესი“-ს შესახებ. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა პრაქტიკული სავარჯიშოებით გაცნობოდნენ შედეგზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების მეთოდების, ანგარიშგების წარმოების ძირითად პრინციპებს.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით.