შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან, პატრიკ ფრანცენთან.
თეა ახვლედიანმა მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შვეიცარიის მტკიცე პოზიციის გამო, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, ასევე განიხილეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორი მიმართულების - შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. სახელმწიფო მინისტრმა ელჩს ორივე მიმართულებით განსაზღვრული სამომავლო გეგმები და ახალი ინიციატივები გააცნო.
თავის მხრივ, ელჩმა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერისთვის შვეიცარიის სრული მზადყოფნა დაადასტურა.