შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან ანა ჩერნიშოვასთან.
სახელმწიფო მინისტრმა უცხოელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში შეტანილი წვლილისთვის. თავის მხრივ, UNDP-ის წარმომადგენელმა მადლიერებით აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში, მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში გაერო-ს საქმიანობა და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისკენ.
შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა UNDP-ის წარმომადგენელს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში განსაზღვრული სამომავლო გეგმები და ახალი ინიციატივები. ანა ჩერნიშოვამ დადებითად შეაფასა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დასახული მიზნები და მათი განხორციელების პროცესში გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერა აღუთქვა.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.