თეა ახვლედიანი დღეს გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა

19 მაისი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დღეს გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა. აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 5 წელი შესრულდა. თეა ახვლედიანმა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა.
 
„დღეს ხუთი წელი შესრულდა გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობიდან, რაც თითოეული ჩვენგანის და სრულიად საქართველოს ტრაგედიაა. გიგა არის ოკუპაციის სისასტიკის და უსამართლობის მსხვერპლი, რამაც არაერთი ჩვენი სხვა გმირი შეიწირა. ყოვლად მიუღებელია მსგავსი განუკითხაობა და გიგას, ისევე როგორც ტატუნაშვილის, ბაშარულის და კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილე პირების ამ დრომდე დაუსჯელობა. საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას, რომლის დასრულებისთვის, ისევე როგორც ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრების უზრუნველყოფისთვის, ნამდვილად სრული შემართებით და ძალისხმევით ვაგრძელებთ მუშაობას. საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობასა და ბერკეტს, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული პირები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. თქვენ იცით, მკვლელს დაუსწრებლად სასამართლოს მიერ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გიგა ოთხოზორიას დედას, მეუღლეს, შვილებს და ვუთხრა, რომ ნამდვილად სახელმწიფო არასდროს დაივიწყებს საკუთარ გმირებს“-განაცხადა თეა ახვლედიანმა.
 
გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფულების აღკვეთა მიუსაჯა.