შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა.
თეა ახვლედიანი აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობასა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ადგილზე გადმოსული მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფენ. სახელმწიფო მინისტრმა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმომსვლელთათვის სოფელ რუხში ენგურის ხიდთან განთავსებული სამედიცინო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების ტესტირების პროცესს გაეცნო.
„ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის შემსუბუქება ჩვენი ყოვედღიური საქმიანობის და საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ბუნებრივია, ამ კონტექსტში განიხილება საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უფლების სრულფასოვნად აღდგენა. ამ მიმართულებით, როგორც ცნობილია, ჩვენ გადავდგით არაერთი ქმედითი ნაბიჯი და განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები, ჩვენს ხელთ არსებული არაფორმალური კომუნიკაციის არხების გამოყენებით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით. გასულ სექტემბერს ორგანიზებულად მოხერხდა 1000-ზე მეტი სტუდენტის, მოსწავლის და მათი თანმხლები პირების გადმოყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, განათლების პროცესის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით. მოგვიანებით კი, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით შესაძლებელი გახდა ხანდაზმულთათვის პენსიის შეუფერხებლად აღება. დღესდღეობით, როგორც ცნობილია, თავისუფალი გადაადგილება შეუზღუდავია პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვახორციელებთ ძალისხმევას, რათა სრულფასოვნად აღდგეს თავისუფალ გადაადგილებაზე წვდომა მთელი მოსახლეობისთვის. ამ ეტაპზე ასევე აღსანიშნავია, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში არ შეფერხებულა სპეციალური საჭიროების და გადაუდებელი ჯანდაცვის მიზნით მოქალაქეთა გადმოსვლა კონტროლირებად ტერიტორიაზე. ადგილზე დღეს გავეცანი შესაბამისი უწყებების მიერ განთავსებულ ინფრასტრუქტურას, მის შეუფერხებლად მოქმედებას და დავრწმუნდი, რომ მოქალაქეებს მიეწოდებათ სერვისები სრულფასოვნად. დღეში რამდენიმე ასეული ადამიანი კვეთს საოკუპაციო ხაზს და როგორც აღვნიშნე, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურ ძალისხმევას აგრძელებს იმისათვის, რომ სრულფასოვნად აღდგეს თავისუფალი გადაადგილების უფლება საოკუპაციო ხაზზე“- განაცხადა თეა ახვლედიანმა.