თეა ახვლედიანი, სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნუციპალიტეტებთან არსებული გენდერული საბჭოების წევრებს შეხვდა

20 მაისი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნუციპალიტეტებთან არსებული გენდერული საბჭოების წევრებს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამშვიდობო პროცესში ქალების ჩართულობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
 
თეა ახვლედიანმა გენდერულის საბჭოების წევრებს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში განსაზღვრული სამომავლო გეგმები და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივები გააცნო, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ახლად შექმნილ ქალთა საკონსულტაციო პლათფორმაზე - „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - საკონსულტაციო პლატფორმა მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე“, რომლის მიზანიც ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანი განხორციელება და სამშვიდობო პროცესში ქალთა ჩართულობის გაძლიერებაა.
 
შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც იმსჯელეს და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის ქალების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლებისთვის გენდერული თანასწორობის პრიორიტეტულობას. თეა ახვლედიანის თქმით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი კვლავაც გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას.