შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში რუმინეთის ელჩთან, რაზვან როტუნდუსთან.
სახელმწიფო მინისტრმა უცხოელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუმინეთის მტკიცე პოზიციისთვის, ისევე როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის.
თეა ახვლედიანმა მიმოიხილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე - შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრაზე ვრცლად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა, რომელიც კოვიდ-19 პანდემიის შედეგად კიდევ უფრო დამძიმდა. სახელმწიფო მინისტრმა ელჩის ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესზე, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე, მათ შორის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებზე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე და სამედიცინო მომსახურებასა და საარსებო წყაროებზე წვდომის შეზღუდვაზე. სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა უკანონო დაკავებების პრაქტიკის დაუშვებლობა და ამჟამად უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ირაკლი ბებუას და ზაზა გახელაძის უპირობო და დაუყოვნებელი განთავისუფლების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობა.
სახელმწიფო მინისტრმა რუმინეთის ელჩს გააცნო სამშვიდობო ინიციატივის ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების შედეგები და სამომავლო ხედვები, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ მოსახლეობას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრობლობასა და ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.
თავის მხრივ, ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში სახელმწიფო მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.