შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით, გილოცავთ კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღეს!

21 მაისი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით, გილოცავთ კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღეს!
 
21 მაისს მსოფლიო „კულტურული მრავალფეროვნების დღეს დიალოგისა და განვითარებისთვის“ აღნიშნავს. კულტურული მრავალფეროვნების დღის აღნიშვნა კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობის გაცნობიერებასა და კულტურული ღირებულებების შესახებ ცოდნის გაღრმავებას ემსახურება. ეს დღე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და გვახსენებს, რომ კულტურული მრავალფეროვნება, როგორც ჩვენი საერთო მემკვიდრეობა, დაცული და შენარჩუნებული უნდა იქნას მომავალი თაობებისათვის.
 
საქართველო მრავალკულტურული ქვეყანაა, სადაც სხვადასხვა ეთნიკური და კულტურული იდენტობის მატარებელ მოსახლეობას მშვიდობიანი და სოლიდარული თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებს. არსებული ტრადიციები და გამოცდილება, თანასწორობის პრინციპებსა და საერთო ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებით, მხარდაჭერილია სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის ფარგლებში. სხვადასხვა ეთნოსის კულტურის დაცვა, წარმოჩენა და პოპულარიზაცია, ისევე როგორც კულტურათაშორისი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერება, მნიშვნელოვან სტრატეგიულ პრიორიტეტად განიხილება.
 
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ კულტურათაშორისი დიალოგი მხოლოდ თანასწორობის, დემოკრატიის, შემწყნარებლობის, სოციალური სამართლიანობისა და კულტურების ურთიერთპატივისცემის პირობებში ვითარდება და გადაიქცევა საზოგადოების განვითარების მამოძრავებელ ძალას.
 
ჩვენი მრავალკულტურული საზოგადოების თითოელ წევრს ვულოცავ ამ დღეს!
2001 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კულტურული მრავალფეროვნების განვითარების საყოველთაო დეკლარაცია შეიმუშავა, რის საფუძველზეც 2002 წლის 21 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ყოველწლიურად აღინიშნოს „კულტურული მრავალფეროვნების დღე დიალოგისა და განვითარებისთვის“. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს მთელ მსოფლიოში კულტურული ღირებულებების შესახებ ცოდნის გაღრმავებას და ხაზს უსვამს კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობას მსოფლიოს ხალხთა ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის.